Home » სიახლე » არის თუ არა ელექტრომობილი მართლაც ანგელოზი?

არის თუ არა ელექტრომობილი მართლაც ანგელოზი?

მომავალი ელექტრომობილებისაა – ზუსტად არ ვიცით, როდის ან სად გაიჟღერა ამ ფრაზამ პირველად, ფაქტი კი ის არის, რომ დღეს უკვე ყველა ამას ამბობს. თუმცა, ამავდროულად, ელექტრომობილი უკვე ნამდვილად აღარ არის ”მომავლის სიმღერა”. ასეთი ავტომობილები უკვე არსებობს და, თანაც, ძალიან ბევრი.

ნული გამონაბოლქვი კარგად ჟღერს, მაგრამ ტყუილია! – სწორედ ასეთი სათაურით გაავრცელეს გერმანელმა პროფესორებმა მიმართვა, რომელშიც ელექტრომობილურობის ბოლოდროინდელ ტენდენციებს მკაცრად აკრიტიკებენ. “ფიზიკის კანონების მიხედვით, უემისიო მასობრივი მოძრაობა შეუძლებელია!” – წერენ გერმანელი პროფესორები თავიანთ მიმართვაში და დასძენენ: “ენერგიის ნებისმიერი ფორმით წარმოება და

გამოყენება იწვევს დანახარჯს.”

  • სანამ ელექტრომობილის პლუსებზე და მინუსებზე (დიახ, მინუსებიც აქვს!) ვისაუბრებდეთ, ჯერ ერთი აუცილებელი განმარტება: როცა ელექტრომობილზე ვლაპარაკობთ, არავითარ შემთხვევაში არ ვგულისხმობთ ჰიბრიდს.

Auto Bild

ჰიბრიდს და ელექტრომობილს ბევრი ვერ ასხვავებს, განსხვავება კი ძალიან დიდია: ჰიბრიდული ავტომობილი ორი ან მეტი სხვადასხვა ტიპის ძალური დანადგარით აღჭურვილი ავტომანქანაა, ყველაზე ხშირად კი შიგაწვის ძრავით და ელექტროძრავითაა წარმოდგენილი. სუფთა ელექტრომობილს კი მხოლოდ ელექტრომოტორი (ერთი ან მეტი) ამოძრავებს. სწორედ ამიტომ, ელექტრომობილი ექსპლუატაცისს დროს საერთოდ არ აბინძურებს გარემოს – მისი გამონაბოლქვი ნულის ტოლია და სწორედ ეს არის ელექტრომობილის მთავარი და უდიდესი პლუსი.

დღეს ელექტრომობილებზე ყველა ისე ლაპარაკობს, თითქოს ასეთი ავტომობილები ანგელოზები არიან, რომლების კაცობრიობას მხსნელებად მოევლინენ. რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს? არის თუ არა ელექტრომობილი მართლაც ”ანგელოზი”? უნდა გადავიდეს თუ არა მთელი მსოფლიო ელექტრომობილებზე მხოლოდ იმიტომ, რომ ასეთი ავტომობილები ექსპლუატაციის დროს CO2-ს საერთოდ არ გამოყოფენ? პლუსებით დავიწყოთ.

რატომაა კარგი ელექტრომობილი?

Auto Bild

ელექტრომობილი კომფორტული და უხმაუროა. ამავდროულად, მაღალი მაბრუნი მომენტი აქვს. განსაკუთრებით მაბრუნი მომენტია აღნიშვნის ღირსი, რადგან 0 კმ/სთ-ზეც კი მაქსიმალური მაბრუნი მომენტი აქვს. ამრიგად, ელექტრომობილში მთელი სიმძლავრე მყისიერად ხელმისავდომია.

ადგილზე დგომისას ელექტრომობილი ენერგიას არ ხარჯავს და არც ვიბრაციები ახასიათებს. მისი უმთავრესი პლუსი, გამონაბოლქვის არქონის გარდა, რა თქმა უნდა, ეკონომიურობაა – 100 კილომეტრს დაახლოებით 3 ლარის ელექტროენერგიით გადიხარ.

ელექტრომობილი თითქმის არ საჭიროებს გეგმიურ სერვისს, რადგან მას დაახლოებით 90-ით ნაკლები დეტალი აქვს, ვიდრე შიგაწვისძრავიან ავტომობილს. მაგალითად, ელექტრომობილს არ აქვს გამონაბოლქვის სისტემა, სტარტერი, არც აალების სანთლები, გაგრილების სითხე… არ საჭიროებს ძრავის ზეთის და ზეთის ფილტრის გამოცვლას.

ელექტრომობილის მფლობელი არ არის დამოკიდებული საწვავის ფასებზე. თუ ელექტრომობილს დამუხტვის შემდეგ 200 კილომეტრის გავლა მაინც შეუძლია, ეს მძღოლების უმრავლესობისთვის საკმარისია, რადგან საშუალო სტატისტიკური მძღოლი დღეში დაახლოებით 45 კილომეტრს გადის.

ელექტრომობილი რეკომენდებულია მოკლე მანძილზე გადაადგილებისთვის და მის ყველა უპირატესობას ქალაქში გამოიყენებთ. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ელექტრომობილი მოდურია – ვისაც ასეთი მანქანა ჰყავს, შეუძლია იამაყოს იმით, რომ მგზავრობის დროს გარემოს არ აბინძურებს.

რაც შეეხება მინუსებს…

მართალია, ელექტრომობილებს დღეს თითქმის ყველა მხოლოდ პოზიტიურ ასპექტებზე საუბრობს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ელექტრულძრავიან მანქანას მინუსები არ აქვს. არსებობს უამრავი კვლევა და მოსაზრება ამ თემასთან დაკავშირებით და ელექტრომობილებს ბევრი ექსპერტიც აკრიტიკებს.

Auto Bild

  • ელექტრომობილის სუსტი ადგილი მისი ბატარეაა.

შედარებისთვის, ბენზინის ან დიზელისძრაცვიანი მანქანის საწვავის ავზი იმდენ ხანს გაძლებს, სანამ ავტომობილი არ დაიჟანგება და განადგურდება, ბატარეა კი ამდენ ხანს ვერ ძლებს. ელემენტის რესურსი მისი დამუხტვა-განმუხტვის ციკლებზეა დამოკიდებული. რაც უფრო ბევრს ივლის ელექტრომობილი და რაც უფრო ხშირია ასეთი ციკლები, მით უფრო მალე ამოწურავს თავის რესურსს.

და, რაც ყველაზე მთავარია, როცა ბატარეა ჯდება, ან დამჯდარია, მის დამუხტვას დიდი დრო ჭირდება (1 საათიდან 8 საათამდე). ბენზინის ან დიზელის ავზს კი სულ რაღაც 3 წუთში შეავსებთ. თუმცა, ზოგიერთ ელექტრომობილს (მაგალითად, BMW i3) დამატებით პატარა შიგაწვის ძრავა და შესაბამისი ავზიც აქვს, რომელიც მცირე შვებას მოგცემთ, მაგრამ ეს, როგორც წესი, ძალიან ძვირადღირებულ ელექტრომობილებშია.

ყველაზე მტკივნეულ საკითხსაც მივადექით: სამწუხაროდ, ელექტრომობილები ჯერ კიდევ ძალიან ძვირია. საშუალო სტატისტიკური ახალი ელექტრომობილი იმავე კლასის შიგაწვისძრავიან ავტომობილზე თითქმის ორჯერ მეტი ღირს. ამიტომაცაა, რომ ელექტრომობილები ჯერ კიდევ არ არის მასობრივი. სახლის პირობებში დამუხტვის დრო 8 საათამდეა. რა თქმა უნდა, არსებობს სწრაფი დამუხტვის სისტემებიც, მაგრამ საბოლოო ჯამში, 45 წუთზე ნაკლებ დროში ვერცერთ ელექტრომობილს ვერ დამუხტავთ.

და, რაც მთავარია, ჯერაც არ ვიცით, რამდენ ხანს ძლებს ელექტრომობილის ელემენტები. კიდევ ერთი და უმთავრესი მინუსი კი ის არის, რომ დამუხტვის შემდეგ იაფი ელექტრომობილი 80 კილომეტრზე მეტს ვერ გადის, ხოლო თვით ძვირადღირებული Tesla-ს მოდელების რესურსიც მხოლოდ დაახლოებით 400 კილომეტრია.

გამოდის, რომ შედარებით ხელმისაწვდომი ელექტრომობილით თბილისიდან ბათუმში კი არა, სავარაუდოდ, ქუთაისშიც ვერ ჩახვალთ – გაჩერებისა და ხანგრძლივი (დასამუხტი) პაუზის გარეშე.

  • მნიშვნელოვანია აკუმულატორების გაგრილების სისტემის ფილტრი, რომლის გაბიდნვა სავალალო შედეგებს იწვევს, რადგან აკუმულატორების დროული გაგრილება ელექტრომობილისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ჰაიდელბერგის გარემოსა და პროგნოზების ინსტიტუტის ხელმძღვანელი დიტერ ტოიფელი ელექტრომობილებზე თავის კვლევას ასე აჯამებს: ”ზედაპირული დაკვირვებით ელექტრომობილი, რა თქმა უნდა, სუფთაა, რადგან არ აქვს მაყუჩი და არ გამოყოფს CO2-ს. მაგრამ აუცილებლად უნდა დავთვალოთ, რამდენი CO2 გამოიყოფა ელექტრომობილის სიცოცხლის მთლიანი ციკლის განმავლობაში – მაგალითად, ელექტრული დენის გამომუშავების დროს, რაც ნახევრად წიაღისეული საწვავით ხდება. გარდა ამისა, ავტომობილის და ელემენტების წარმოების დროსაც გამოიყოფა CO2. თუკი ამ ორ ფაქტორსაც მივათვლით, დავინახავთ, რომ ელექტრომობილი არც ისეთი ანგელოზია, როგორც ბევრს მიაჩნია და საბოლოო ჯამში, ელექტრომობილი საშუალოდ ერთ კილომეტრზე დაახლოებით ისევე აბინძურებს გარემოს, როგორც ბენზინის ან დიზელის ძრავის მქონე ავტომობილი.”

Auto Bild

როგორც იცით, ელექტრომობილში ლითიუმ-იონური აკუმულატორებია გამოყენებული. ლითიუმის მოსაპოვებლად უდიდესი რაოდენობის წიაღისეულის და გრუნტის გადამუშავებაა საჭირო – თანაც, სპეციალური მჟავებით, რაც ნამდვილად არ არის ეკოლოგიური პროცესი…

  • არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ ელემენტებისთვის სპეციალური უტილიზაციაა საჭირო – ექსპლუატაციის შემდეგ მათი უბრალოდ გადაყრა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. სამწუხაროდ, ამ თემაზე დღეს არავინ საუბრობს…

Auto Bild

დღესდღეობით ყველაზე მოდური და სრულყოფილი ელექტრომობილები Tesla-ს მარკის მოდელებია. მათ შორის ყველაზე ახალი Tesla Model X გახლავთ, რომელიც ქროსოვერების კლასში გადის და ერთი დამუხტვით მაქსიმუმ 470 კილომეტრის გავლა შეუძლია. მაგრამ Tesla Model X-ის ფასი 80 000 დოლარიდან იწყება. იაფფასიან ელექტრომობილებს შორის კი, მაგალითად, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული Nissan Leaf გახლავთ. მისი ფასი დაახლოებით 20 000 ევროდან იწყება და ერთი დამუხტვით მაქსიმუმ 250 კილომეტრის გავლა შეუძლია – ოღონდ, ეს ქარხნული დაპირებით და იდეალურ შემთხვევაში, რეალურად კი, მისი რესურსი ყოველდღიურ ხმარებაში 100-დან 150 კილომეტრამდეა.

საქართველოში მეორადი Nissan Leaf-ები მომრავლდა. მათი საწყისი ფასი დაახლოებით 13 000 ლარია. მეორადი ელექტრომობილის შეძენისას აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, როგორ გარანტიას იძლეოდა მწარმოებელი მანქანის გამოშვებისას ელემენტებზე (ძირითადად 5-8 წელი), რადგან გარანტიის ვადის გასვლის შემდეგ რესურსი მცირდება და სისტემა გამოსაცვლელი გახდება, რაც ძალიან ძვირი სიამოვნებაა და თითქმის მანქანის ფასი დაგიჯდებათ.

წყარო: http://autobild.ge

ენა

English EN Georgian KA Russian RU

ტელ:

+995 599 89 66 33

მეილი:

NiewiadowGeorgia@Gmail.com

მისამართი:

თბილისი, დიღომი, ჯ. ბალანჩინის 34
ამერიკის საელჩოს მოპირდაპირე მხარეს